English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 4 ∘ რამაზ აბესაძე
გლობალიზაცია და მისი გავლენა ეროვნულ ეკონომიკასა და უმუშევრობაზე

ანოტაცია. სტატიაში განხილულია გლობალიზაციის თანამედროვე აქტუალური საკით­ხ­ე­­ბი და მისი გავლენა ეროვნულ ეკონომიკაზე. გლობალიზაციას აქვს როგორც ობიექტური, ისე სუბიექტური ხასიათი. ამიტომ გლობალიზაცია მოიცავს როგორც ადამიანთა საზოგადოების განვითარების, ისე მისი არსებობის საფრთხის არნახულ შესაძლებლობებს.დადებითი შედეგები მიღწეული იქნება მხოლოდ მაშინ, როდესაც საერთო გადაწყვეტილებები მიიღება კონსენსუსის შედეგად. გლობალიზაციის სხვა ტენდენციები შესაძლოა კატასტროფით დასრულდეს.

გლობალიზაცია გავლენას ახდენს ეროვნული ეკონომიკის ყველა სფეროზე, მათ შორის, უმუშევრობაზე. სტატიაში დეტალურადაა განხილული ამ გავლენის პოზიტიური და უარყოფითი მხარეები. გლობალიზაციის გავლენა უმუშევრობაზე, დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ვითარებაა მსოფლიოსა და ეროვნულ ეკონომიკაში. სტატიაში გაანალიზებულია უმუშევრობაზე გლობალიზაციის გავლენა განვითარე­ბულ, განვითარებად და პოსტ-კომუნისტურ ქვეყნებში.

საკვანძო სიტყვები: გლობალიზაცია, ეროვნული ეკონომიკა, უმუშევრობა, საერთაშორისო შრომის ბაზარი.

შესავალი

გლობალიზაცია  დაკავშირებულია არა მხოლოდ ეკონომიკასთან, არამედ  მეც­ნიერებასთან, კულტურსთან, ჯანმრთელობის დაცვასთან, სპორტთან, სოციალურ სფეროსთან, პოლიტიკასთან  და ასე შემდეგ.

თანამედროვე მოწინავე ტექნოლოგიები გვაძლევს შესაძლებლობას, რომ ჩვენი პლანეტა გახდეს ერთიანი გლობალური ორგანიზმი. თავბრუდამხვევი ტემპებით მიმდინარეობს ეროვნული ეკონომიკის ტრანსნაციონალიზაცია. ტრანსეროვნული კორპორაციები წარმოადგენენ მთავარ ძალას მსოფლიო ეკონომიკაში ინტერნა-ციონალიზაციის პროცესების დასაჩქარებლად. სწორედ მათი საქმიანობა გარდაქმნის მსოფლიო მეურნეობას საქონლის, მომსახურების, კაპიტალის, სამუშაო ძალის და ცოდნის ერთიან ბაზრად; საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობებში დომინირებს არა საერთაშორისო ვაჭრობა, არამედ წარმოების და გასაღების ორგანიზება უშუალოდ საზღვარგარეთ; ხორციელდება მსოფლიო საფინანსო ბაზრების ფორმირება და მათი არნახული დივერსიფიკაცია. ძლიერდება უნიფიკაციის ტენდენცია ტექნოლოგიის, ეკოლოგიის, საბუღალტრო და სტატისტიკური აღრიცხვის, განათლების, კულტურისა და სხვა სფეროებში; ახალი საინფორმაციო ტექნოლოგიების, ელექტრონული სისტემების დანერგვის მეშვეობით ხორციელდება მსოფლიო საკომუნიკაციო ქსელის დივერსიფიკაცია; ყალიბდება მძლავრი საერთაშორისო ეკონომიკური ორგანიზაციები, რომლებიც მთელ მსოფლიოში ნერგავენ მაკროეკონომიკური პოლიტიკის ერთიან კრიტერიუმებს და თანდათან ახდენენ გლობალიზაციის ინსტიტუციურ გაფორმებას.

****

ტერმინუი „გლობალიზაცია“ წარმოსდგება სიტყვისგან გლობე” (დედამიწა) და, მაშასადამე, წარმოადგენს საბოლოოდ დედამიწის ერთიან ეკონომიკურ, ტექნოლოგიურ, პოლიტიკურ და კულტურულ ერთობად ჩამოყალიბების პროცესს, ცალკეული ქვეყნების სახელმწიფოებრიო¬ბისა და ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნების პირობებში. გგლობალიზაციას აქვს საერთოპლანე-ტა¬რული ხასიათი.

გლობალიზაცია არის რეალური ობიექტური პროცესი, მისი წარმოშობის მიზეზებია: 1. ცალკეულ სახელმწიფოთა ეკონომიკური განვითარების შინაგანი მოთხოვნები, ამაღლდეს მოსახლეობის ცხოვრების რეალური დონე; 2. ბიზნესის მოტივაცია, მიიღოს რაც შეიძლება მეტი მოგება; 3. მსოფლიოში გადაუჭრელი გლობალური (ენერგეტიკული, სასურსათო, უსაფრთ­ხო­ების, მშვიდობის, სიღარიბის დაძლევის, ჭარბმოსახლეობის, ავადმყოფობის, ეკოლოგიური, სანედლეულო, ოკეანისა და კოსმოსის ათვისებისა და სხვ.) პრობლემების არსებობა, რომელთა გადაწყვეტაც ცალკეულ ქვეყნებს არ შეუძლიათ და რომლებიც მოითხოვენ სასწრაფო გადაჭრას [Владимирова И. Г. 2001]. აღსანიშნავია, რომდანახარჯები გლობალურ პრობლემათა გადასაჭრელად ყოველ­წლიურად შეადგენს  მსოფლიო მთლიანი შიგა პროდუქტის (გაანგარიშებულს მსყიდ­ველობითი პარიტეტის  მიხედვით) 2,5 პროცენტს [Грошева Т.А. 2007].

გლობალიაციის დაჩქარებას ხელი შეუწყო: 1. საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთ­ობების (საერთაშორისო ვაჭრობა საქონლითა და მომსახურებით; კაპიტალის საერთაშორისო მიგრაცია; სამუშაო ძალის საერთაშორისო მიგრაცია; ცოდნისა და ტექნოლოგიების საერთა­შო­რი­სო გადაცემა; საერთაშორისო სავალუტო-საანგარიშო ურთიერთობები)განვითარებამ, რაც თავისთავად განაპირობა საბაზრო ურთიერთობათა ჩამოყალიბებამ, დიდმა გეოგრაფიულმა აღმოჩენებმა, მანქანური წარმოების, ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის საშუალებათა განვითარებამ; 3. საქონლის, მომსახურების, კაპიტალისა და სამუშაო ძალის მსოფლიო ბაზარის ჩამოყალიბებამ; 4. განვითარებული ქვეყნების შესვლამ პოსტინდუსტრიულ საზოგადოებაში და ინოვაციური ეკონომიკის ჩამოყალიბებამ, რასაც მოყვა თანამედროვე მაღალი ტექნოლოგიების გამოყენება (ახალი საინფორმაციო და ტელესაკომუნიკაციო ტექნოლოგიები, ელექტრონული სისტემები, ინტერნეტი, თანამგზავრული ტელევიზია, სატრანსპორტო და კავშირგაბმუ­ლობ­ის საშუალებები და ა. შ.) და რამაც ახალი ბიძგო მისცა დედამიწის ერთიან გლობალურ ორ­­განიზმად ჩამოყალიბებას; 5. რეგიონალიზაციის პროცესების დაჩქარებამ, რის საფუძ­ველ­ზეც ძლიერდება საერთაშორისო ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესი;  6. მსოფლიო საფინანსო ბაზრების ფორმირებამ და მათმა არნახულმა დივერსიფიკაციამ; 7. ტექნოლოგიის, ეკოლოგიის, საბუღალტრო და სტატისტიკური აღრიცხვის, განათლების, კულტურისა და სხვა სფეროების უნიფიკაციის ტენდენციის გაძლიერდებამ.

გლობალიზაცია არაერთგვაროვან გავლენას ახდენს ეროვნულ სახელმწიფოებზე,გლო­ბალი­ზაციის პროსში მთავარ როლს განვითარებული ქვეყნები თამაშობენ, ვინაიდან სწორ­ედ ისინი ფლობენ ჭარბი რაოდენობისა და შესაბამისი ხარისხის წარმოების ფაქტორებს, ისინი აწარმოებენ მეტი რაოდენობისა და მაღალი ხარისხის პროდუქციას. ასეთი მდგომარეობა განაპირობებს იმას, რომ განვითარებული ქვეყნები მსოფლიო მასშტაბით: 1. იყენებენ გაცი­ლე­ბით იაფ სამუშაო ძალასა და რესურსებს 2. იზიდავენ მაღალი კვალიფიკაციის სამუშაო ძალას 3. ხშირ შემთხვევაში სხვა ქვეყნებში გააქვთ დაბალი ხარისხის პროდუქცია 4. აწარ­მო­ებენ ფიზიკურად და მორალურად მოძველებული ტექნიკის გატანას 5. ექმნებათ ხელ­საყრელი პირობები მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის დასაჩქარებლად, ამისათვის საჭირო უზარმაზარი რესურსების მოზიდვის საფუძველზე მსოფლიო მასშტაბით.

სხვა ქვეყნები გლობალიზაციის პროცესში: 1. იყენებენ მსოფლიოში დაგროვებულ დიდ გამოცდილებასა და მეცნიერულ ტექნიკური პროგრესის უახლოეს მიღწევებს. 2. იღე­ბენ დიდ ფინანსურ დახმარებებს 3. წყვეტენ მრავალ (სიღარიბის, ეკოლოგიურ, სამედიცი­ნო და სხვ.) პრობლემას.

გლობალიზაციის განვითარების, მისი ეროვნულ სახელმწიფოებზე და ეკონომიკაზე დადებითი და უარყოფითი  გავლენის  ტენდენციებიდან შეილება გამოიყოს: 1. სულ უფრო და უფრო მეტი ეროვნული სახელმწიფო ებმება გლობალიზაციის პროცესებში; 2. თავბრუდამხვევი ტემპებით მიმდინარეობს ეროვნული ეკონომიკის ტრანსნაციონალიზაციისა და ინტერნაციო­ნალიზაციის პროცესები, რის მთავარ ძალას  ტრანსეროვნული კორპორაციები წარმოადგენენ. სწორედ მათი საქმიანობა გარდაქმნის მსოფლიო მეურნეობას საქონლის, მომსახურების, კაპიტალის, სამუშაო ძალისა და ცოდნის ერთიან ბაზრად; 3. ყალიბდება მძლავრი საერთა­შო­რისო ეკონომიკური ორგანიზაციები, რომლებიც მთელ მსოფლიოში ნერგავენ მაკროეკონომი­კური პოლიტიკის ერთიან კრიტერიუმებს და თანდათან ახდენენ გლობალიზაციის ინსტიტუ­ცი­ურ გაფორმებას. მათი გადაწყვეტილებები სულ უფრო ხშირად ხდება იურიდიულად აუცილებელი ნომინალურად სუვერენული სახელმწიფოებისათვის; 4. გლობალიზაცია შეიჭრა შიგასახელმწიფოებრივ სფეროშიც და თანდათან ხდება შიგა ცხოვრების ერთ-ერთი განმსა­ზღ­ვრელი ფაქტორი, რომლის სიძლიერე ბევრად აჭარბებს ეროვნული სახელმწიფოს შესაძლებ­ლობებს; 5. ძლიერდება საერთაშორისო კონკურენცია ისეთ სუბიექტებს შორის, რომელთაც არ აქვთ განსაზღვრული სახელმწიფოებრივი წარმოშობა და რომლებიც კონკურენციას უწევენ ეროვნულ კომპანიებს, დევნიან რა მათ საკუთარი ბაზრებიდან; 6. ყალიბდება გლობალური ცივილიზაციის შესაბამისი საერთო ჩვევები, გემოვნებები, ფასეულობები, შეხედულებები, აზროვნება და ა.შ.; 7. მან მნიშვნელოვნად განაპირობა საბაზრო მექანიზმზე დამყარებული ეკონომიკური და მეტნაკლებად დემოკრატიული პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბება მსო­ფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში. იგი აიძულებს ცალკეული ქვეყნების მთავრობებს აღ­მოფხვრან ვოლუნტარიზმი და კორუფცია, ჩამოაყალიბონ სოციალურად ორიენტირე­ბუ­ლი ეკონომიკა; 8. ახალი ტექნოლოგიები ვრცელდება ისევე სწრაფად, როგორც კაპიტალი; 9. იგი განაპირობებს მსოფლიო რესურსების უფრო რაციონალურ განაწილებას; მსოფლიო არენაზე უმსხვილესი კორპორაციების ფუნქციონირება შესაძლებელს ხდის მიღწეულ იქნეს მასშტაბის ეკონომიის მაქსიმალური ნიშნული; 10. გლობალიზაციის პირობებში კონკურენცი­ის გაძლიერება და ერთობლივი ძალებით უმსხვილესი სამეცნიერო-ტექნიკური პროექტების განხორციელება, რაც აჩქარებს ტექნოლოგიის სრულყოფასა და ინოვაციების გავ­რცელებას მსოფლიო მასშტაბით და რაც, უპირველეს ყოვლისა, სასარგებლოა მომხმარებლე­ბი­სა­თვის; 11. იგი შესაძლებელს ხდის გლობალური ეკონომიკური, სოციალური და ეკოლო­გი­ური პრობლემები გადაჭრას მსოფლიო თანამეგობრობის ძალისხმევის გაერთიანების შედე­გ­ად, რესურსების მობილიზაციისა და მოქმედებათა კოორდინაციის საფუძველზე;12. დღეი­სათვის გლობალიზაციის პირობებში თანდათან იზრდება განსხვავება განვითარებულ და გან­ვითარებად ქვეყნებს შორის ცხოვრების დონის მიხედვით [Алле  М. 2003]. სამართლიანობა მოითხოვს, რომ გლობალიზაციის პირობებში  ეს განსხვავება უნდა მცირდებოდეს და რაც შეიძლება სწრაფად. სხვა შემთხვევაში ეს იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინააღმდეგობა გლობალიზაციის გზაზე; 13. იგი ხელს უწყობს ერთ რომელიმე რეგიონში წარმოშობილი ნეგატიური პროცესების (მათ შორის კრიზისების) გავრცელებას მსოფლიოს მასშტაბით; 14. შესაძლებელია წარმოიშვას წინააღმდე­გობა გლობალიზაციასა და ეროვნული სახელმწიფოს სუვერენიტეტს შორის; 15. გლობალიზაციამ შეასუსტა რა სახელმწიფო რეგულირების სფერო, ამასთანავე არ ჩამოყალიბებულა მისი შემ­ცვლელი საერთაშორისო რეგულირების ქმედითი ორგანოები; 16. გლობალიზაციის პირობებში ძლიერდება ნარკობიზნესის გავრცელება და იარაღით არალეგალური ვაჭრობა; 17. ადგილი აქვს მოსახლეობის მიგრაციის ზრდას განვითარებულ ქვეყნებში, განვითარებადი ქვეყნების საზია­ნოდ; 18. ხდება პლანეტის მთელი სამეცნიერო-ინტელექტუალური პოტენციალის თავმოყრა რამოდენიმე ქვეყანაში; 19. რეალური ხდება, პროცესის არასწორად წარმართვის შემთხვევაში, გლობალური კონფლიქტის წარმოშობის საფრთხე, რაც საზოგადოებას კატასტროფით ემუქრება; 20. ეროვნული ეკონომიკები ხდებიან არა მხოლოდ გლობალიზაციის უბრალო მაყურებლები, არამედ მისი ორგანიზატორები და ცხოვრებაში გამტარებლები; 21. ხორციელდება სახელმწიფო სექტორის კიდევ უფრო შეკვეცა. პრივატიზება შეეხო ისეთ დარგებსაც კი, რომლებიც ადრე მკაცრი რეგულაციის დარგებად ითვლებოდა (ენერგეტიკა, კავშირგაბმულობა, ტრანსპორტი და სხვ.); 22. სახელმწიფო რეგულირების პრიორიტეტი ხდება სოციალური პოლიტიკა. სახელმწიფოს ეკონომიკური ფუნქციების შემცირების გამო გამოთავისუფლებული ფინანსური რესურსები სოციალურ სფეროში გამოიყენება; 23. ძლიერდება საერთაშორისო ეკონომიკური ინსტიტუტების გალენა, რომელთა წესების შესაბამისად ფუნქციონირებს ეროვნული ეკონო­მიკის დიდი ნაწილი. ეს ორგანიზაციებია, უპირველეს ყოვლისა, გენერალური შეთანხმება ტარიფისა და ვაჭრობის შესახებ (GATT), მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია (VTO), საერთა­შო­რისო სავალუტო ფონდი (IMF), მსოფლიო ბანკი  (WB); 24. მიმდინარეობს შრომის დანაწილების ახალი ეტაპი, რომლის დროსაც ეროვნული სიმდიდრის შექმნაში სულ უფრო დიდ როლს ასრულებენ სხვა ქვეყნები; 25. ხდება ეროვნულ ეკონომიკაზე ეგზოგენური ფაქტორების გავლენის ზრდა; 26. მსოფლიო საფინანსო-საკრედიტო სისტემა, რომლის გლობალიზაციის დონემ წინ გაუსწრო რეალურ სექტორში გლობალიზაციის დონეს, დიდ გავლენას ახდენს ეროვნული ეკონომიკების ფუნქციონირებაზე და სხვა.

გლობალიზაციის უარყოფითი მხარეებიდან ცალკე შეიძლება გამოიყოს მისი გავლენა სავალუტო კურსზე. მცოცავი სავალუტო კურსის არსებობა მნიშნელოვან გავლენას ახდენს ექსპორტის მოცულობაზე. სავალუტო კურსმა რომ ფასის როლი შეასრულოს, იგი უნდა დგინდებოდეს საქონლისა და მომსახურების საერთაშორისო ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდების საფუძველზე. სინამდვილეში მასზე ასევე გავლენას ახდენს კაპიტალის ბაზარიც, რამაც, შესაძლებელია, ზოგიერთი ქვეყანა უპირატეს მდგომარეობაში ჩააყენოს. ასევე სერიოზული ნეგატიური შედეგები მოსდევს სპეკულაციებს სავალუტო ბაზარზე. ამიტომ აუცილებელი ხდება სავალუტო კურსის საერთაშორისო რეგულირების განხორციელება, რაც მხოლოდ შესაბამისი ორგანოების არსებობით იქნება შესაძლებელი. არ შეიძლება უარი ვთქვათ პრო­ტექციონისტურ პოლიტიკაზე და კარი გავუღოთ ნებისმიერ მოვარდნილ ქარს, გამოწვეულს გლობალიზაციის პროცესებით. ქვეყნისათვის საჭიროა პრეფერენციები, ზომები, რომელიც ქვეყანას ანიჭებს გარკვეულ ეკონომიკურ უპირატესობას [2].

 იმ ფაქტს, რომ გლობალიზაციის პირობებში, როგორც საქონლისა და მომსახურების, ასევე წარმოების ფაქტორთა გატანას ძირითადად ადგილი აქვს განვითარებული ქვეყნები­დან განვითარებად ქვეყნებში, ადასტურებს ის, რომ ტრანსნაციონალური კორპორაციების მშო­ბელი კომპანიების უდიდესი ნაწილი სწორედ განვითარებულ ქვეყნებშია განლა­გებუ­ლი. ამასთან, ტრანსნაციონალური კორპორაციები უპირატესობას ანიჭებენ პირდაპირ ინვეს­ტიციებს, ვინაიდან ისინი ღებულობენ თავისუფალ დაშვებას სხვა ქვეყნების ბუნებრივ და შრომით რესურსებზე, უერთებენ რა მათ თავიანთ საკუთარ რესურსებს – კაპიტალს, ცოდ­ნას, ტექნოლოგიასა და მეწარმეობრივ უნარს.

გლობალიზაცია გავლენას ახდენს ეროვნული ეკონომიკის ყველა სფეროზე და, მაშასადამე, უმუშევრობაზეც. უმუშევრობაზე გლობალიზაციის გავლენის თავისებურებები დამოკიდებულია მსოფლიო და ეროვნულ ეკონომიკებში არსებულ მდგომარეობაზე. თუ მსოფლიო ეკონომიკა გამართულად ფუნქციონირებს, მაშინ ეროვნული ეკონომიკებისათვისაც ხელსაყრელი გლობალური პირობები იქმნება და პირიქით. თუმცა, ცალკეულ ეკონომიკაში არსებული მდგომარეობა, შესაძლებელია, არ შეესაბამებოდეს მსოფლიო ეკონომიკაში არსებულ პირობებს. ეს, უპირველეს ყოვლისა, დამოკიდებულია ცალკეული ქვეყნის ჩართულობის ხარი­სხზე გლობალიზაციის პროცესებში, ასევე მოცემული ქვეყნის რესურსებით უზრუნველყოფისა და ტექნოლოგიური განვითარების დონეზე, ეკონომიკის სახელმწიფო რეგულირების ეფექტია­ნობაზე. უმუშევრობაზე გლობალიზაციის გავლენა განვითარებულ, განვითარებად და პოსტ­კომუ­­ნისტურ ქვეყნებში ერთმანეთისაგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. განვითარებული ქვეყნებისათვის დამახასიათებელია უმუშევრობის დაბალი დონე, მაგრამ გლობალიზაცია მაინც დიდ გავლენას ახდენს მასზე. შეიძლება გამოიყოს გლობალიზაციის ორი დიდი პროცესი, რომ­ელიც გავლენას ახდენს უმუშევრობის ზრდაზე განვითარებულ ქვეყნებში: პირველი, მაღალი ტექნოლოგიების (უპირველეს ყოვლისა, საინფორმაციო ტექნოლოგიების) ფართომასშტაბიანი დანერგვა, რომელიც სულ უფრო და უფრო ნაკლებ შრომას მოითხოვს ყოველ შექმნილ ახალ პროდუქციაზე, რაც თანდათან წარმოებიდან დენის დაბალკვალიფიციურ მუშახელს და რაც მოქმედებს უმუშევრობის დონის ზრდის მიმართულებით. მეორე, გლობალიზაციის პირობებში განვითარებული ქვეყნები მიისწრაფიან თავიანთი წარმოება გაიტანონ საზღვარგარეთ იქ არსებული იაფი სამუშაო ძალისა და ბუნებრივი რესურსების გამო. შედეგად, ბუნებრივია, ეს პროცესი იწვევს დასაქმების შემცირებას ქვეყნის შიგნით, განსაკუთრებით, გადამამუშავებელ მრეწველობაში. ამიტომ, სამუშაო ადგილები მცირდება იმ სფეროებში, რომელიც ორიენტი­რებულია გარე სამყაროზე და იზრდება იმ სფეროებში, რომელიც ორიენტირებულია შიგა მოხმარებაზე. შესაძლებელია ეკონონიკის ამ ორ სფეროს შორის დასაქმების მიმართულებით ბალანსი დაირღვეს და დიდი უმუშევრობა გამოიწვიოს. ამ პროცესს, ამავე დროს, მოსდევს სამუშაოს პოვნის გაძნელება დაბალი კვალიფიკაციის მქონე უშევრებისათვის, ვინაიდან, უპირველეს ყოვლისა, სწორედ მათი შესაბამისი სამუშაო ადგილების გატანა ხდება საზღვარ­გარეთ. განვითარებულ ქვეყნებში უმუშევრობის დაბალი დონის შესანარჩუნებლად, ანუ უმუ­შევრობის ზრდის ზემოთ მოყვანილი ორი ფაქტორის კომპენსაციისათვის, უპირველეს ყოვ­ლისა, ინოვაციების მეშვეობით უნდა მოხდეს ახალი ადგილების წარმოქმნა უმთავრესად მომსახურების სფეროში. განვითარებად ქვეყნების ჯგუფში შემავალ სახელმწიფოებს შორის მნიშვნელოვანი განსხვავებაა. ღებულობენ რა უზარმაზარ შემოსავლებს ნავთობის რეალი­ზაციის შედეგად, ნავთობის ექსპორტიორმა ქვეყნებმა შეძლეს ეკონომიკის მოდერნიზაცია, ცხოვრებისა და განათლების დონის ამაღლება. გლობალიზაციის მეშვეობით ნავთობის ექსპოტიორმა ქვეყნებმა ეკონომიკური ზრდის საკმაოდ მაღალ ტემპებს მიაღწიეს, ამიტომ ისინი სულ უფრო უახლოვდებიან მდიდარ ქვეყნებს [Грошева Т.А. 2007.  ]. დიდი რაოდენობის სამუშაო ადგილები იქმნება აქ ტრანსნაციონალური კორპორაციების მიერ, იაფი მუშახელისა და ბუნებრივი მდიდარი ბუნებრივი რესურსების არსებობის გამო. ამდენად, ამ ქვეყნებში უმუშევრობის დონე შედარებით დაბალია. ნაკლებად განვითარებული ქვეყნებისათვის დამახასიათებელია მსოფლიოში ცხოვრების ყველაზე დაბალი დონე (შემოსავლების უკიდუ­რესი სიმცირე, სიღარიბე, ძლიერ ცუდი საყოფაცხოვრებო პირობები, არადამაკმაყოფილებელი ჯანმრთელობა, არასაკმაო განათლება ან მთლიანად უქონლობა, დაბალ ასაკში სიკვდილი­ანობის მაღალი დონე, სიცოცხლის ხანგრძლივობის ცუდი მაჩვენებლები და ა.შ.). ეკონომიკაში წამყვანი მდგომარეობა უჭირავს მიწათმოქმედების ჩამორჩენილ, მათ შორის, არქაულ ფორმებს. მრეწველობა ძალზე მცირედაა განვითარებული. ამ ქვეყნების ექსპორტში ძირითადად ფიგურირებს ტრადიციული პროდუქცია. ნაკლებად განვითარებული ქვეყნები სუსტად არიან ჩართული გლობალიზაციის პროცესებში და მათზე გლობალიზაცია მნიშვნელოვან გავლენას ვერ ახდენს. ამიტომაც უმუშევრობისა და შემოსავლების უთანაბრობის დონე მაღალია. განვითარებადი ქვეყნების უმრავლესობაში ეკონომიკური განვითარების ძირითად მიმართულებას წარმოადგენს მრეწველობის განვითარება, ინდუსტრიული საზოგადოების აშენება. ამისათვის აუცილებელია როგორც შიგა, ისე გარე რეზერვების ამოქმედება. ამასთან, სწორედ უცხოური ინვესტიციები წარმოადგენს მათი განვითარების სტრატეგიის უმნიშ­ვნე­ლოვანეს კომპონენტს. პოსტკომუნისტურ ქვეყნებში მათი საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის პირველ ეტაპზე იძუ­ლებითი უმუშევრეობის დონე ძლიერ მაღალი იყო, შემდეგ თანდათან შემცირდა მეტნაკლები წაემატებით, რაშიდაც გლობალიზაციამ დიდი როლი ითამაშა როგორც საერთაშორისო მატერიალური და მეთოდოლოგიური დახმარებების, ისე ინოვაციების გადაცემის გზით [აბესაძე რ. . .  2012].

როგორც ჩანს, გლობალიზაცია მოიცავს როგორც ადამიანთა საზოგადოების განვითარების, ისე მისი არსებობის საფრთხის არნახულ შესაძლებლობებს. ამდენად, აუცილებელი ხდება გლობალიზაციის პროცესის სწორად წარმართვა, ანუ სამართლიანი გლობალიზაციის განხორ­ციელება. ამაში უდიდესი წვლილი ეკუთვნით ლიდერ (დიდ) სახელმწიფოებს. სწორედ მათ გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული გლობალიზაციის ბედი.

გასათვალისწინებელია, რომ გლობალიზაცია რეალური პროცესია, რომლის გაუქმებაც არც ერთ ცალკე აღებულ ქვეყანას არ შეუძლია. გლობალიზაციის პროცესი არის მსოფლიო ბაზრის სუბიექტებს და სახელმწიფოებს შორის დიდი კონკურენციის, მაგრამ ამავე დროს დიდი ურთიერთდახმარების პროცესი. ამიტომ საჭიროა არა გლობალიზაციის უარყოფა, არამედ თითოეული სახელმწიფოს მისწრაფება, რათა ეს პროცესი წარმართოს თავისი ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით. თითოეულმა ქვეყანამ უნდა იბრძოლოს გამარჯვებისათვის  დიდ კონკურენციულ ბრძოლაში, მაგრამ, რასაკვირველია, არა ძალით, არამედ ცოდნით, მეცნიერების განვითარებით, უმაღლესი ტექნოლოგიების შექმნით, კულტურის სრულყოფით, ინტელექტის ამაღლებით და ა.შ. გლობალიზაციის შედეგად ყველა ქვეყანას უნდა ჰქონდეს საშუალება ისარგებლოს სხვა ქვეყნის სიკეთით. ამავე დროს შენარჩუნებული იქნეს ეროვნული თვითმყოფადობა (ენა, ტრადიციები, სარწმუნოება, ტერიტორია და ა. შ.).

გლობალიზაცია, ბუნებრივია, გავლენას ახდენს ეროვნულ სახელმწიფოზე, მის ეკონომი­კაზე, ეკონომიკის სახელმწიფო რეგულირების ფორმებზე, მეთოდებსა და ინსტრუმენტებზე. ზოგიერთი მოსაზრების თანახმად, გლობალიზაციის პირობებში სახელმწიფო შეწყვეტს არსებობას, ვინაიდან მისი ფუნქციები დაიკარგება. მაგრამ ეს შეხედულება მცდარია. მარ­თალია, გლობალიზაციის პირობებში სახელმწიფოს ზოგიერთი ფუნქცია იზღუდება, მაგრამ იგი იძენს უფრო დიდ, საერთაშორისო ფუნქციას, რომელიც მიმართული უნდა იყოს გლობალი­ზაციის ნეგატიური ზემოქმედების განეიტრალების, დახმარებების ეფექტიანი გამოყენების, კონკურენტუნარიანობის ამაღლების, საუკეთესო ეროვნული ტრადიციების შენარჩუნებისა და მისი შემდგომი სრულყოფისაკენ.

გამოყენებული ლიტერატურა 

  1. აბესაძე რ., ბიბილაშვილი ნ. 2012. გლობალიზაციის გავლენა უმუშევრობაზე. თსუ პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომათა კრებული. ტ.5, თბ., ”თსუ პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტის გამომცემლობა”,
  2. Abesadze R. Economic Development and Unemployment. 2017. “Ekonomisti”, №2.
  3. Abesadze R., Burduli V. 2009.  Innovative activities and their coordination under advancing globalization. Central Asia & Central Caucasus, velume 4, issue 4
  4. Hirst P., Thompson G. 1995. Globalization and the Future of the Nation State // Economy and Society. Vol. 24. №3.
  5. Mekvabishvili  E., Atanelishvili  T. 2017. Globalization: Emigration and transactions
  6. Papava V. 2016. Global problems and rational choice of Georgia. Globalization and Business, No. 2,
  7. Silagadze A., Atanelishvili T., 2010. Silagadze N. Economic Doctrines. Georgian National Academy of Sciences,"Innovation"
  8. Spence M. 2011. Globalization and Unemployment//Foreign affairs. N.Y.,Vol. 90, N 4. //http://www.foreignaffairs.com/articles/67874/michaelspence/globalization-and-unemployment
  9. Алле  М. 2003. Глобализация: разрушение условийзанятости и экономического роста.М., ТЕИС,
  10. Асатиани Р. 2015. Усиление глобальных тенденций конкуренции и новые перспективы конкурентоспособности экономики Грузии. «Social economy», № 6,
  11. Владимирова И. Г. 2001. Глобализация мировой экономики: проблемы и последствия. Менеджмент в России и за рубежом.  №3.
  12. Грошева Т.А. 2007.  Мировая экономика: учебное пособие . Томск: ТПУ
  13. Фукуяма Ф. 1990. Конец истории? Вопросы философии. №3.